ევროკავშირის საბჭოს დასკვნა და საქართველო: გაფართოების პოლიტიკის თაობაზე მიღებული 12 დეკემბრის შეფასებების მიმოხილვა

სიახლეები | ანალიზი | სტატია 14 დეკემბერი 2023

ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის 12 დეკემბერს ევროკავშირის გაფართოების თაობაზე თავისი დასკვნა გამოაქვეყნა. ევროკავშირის საბჭო, ევროპარლამენტთან ერთად ევროკავშირის კანონშემოქმედებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი სტრუქტურაა.  2023 წლის 14-15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინ, ევროკავშირის საბჭო აფასებს გაფართოების პაკეტში არსებული ქვეყნების პროგრესს, პერსპექტივებს, მათ შორის, მხედველობაში იღებს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშს. ევროკავშირის საბჭოს განსახილველი დასკვნა გამოქვეყნდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტამდე სამი დღით ადრე და ამ თვალსაზრისით, იგი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა. 

 

დასკვნაში ევროკავშირის საბჭო (შემდგომში, საბჭო) მიუთითებს, რომ იმ ღირებულებების პატივისცემა, რომელთა საფუძველზეც დაფუძნდა ევროკავშირი და ევროკავშირის წევრობისთვის მოთხოვნილი ვალდებულებების შესრულება, აუცილებელია ყველა პარტნიორი სახელმწიფოსთვის, რომლებიც გამოხატავენ გაწევრიანებისკენ მისწრაფებას. 

 

რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ კონკრეტულ მოწოდებებს, საბჭო მხედველობაში იღებს ევროკომისიის 2023 წლის 08 ნოემბრის ანგარიშს და მოუწოდებს საქართველოს, წარმოაჩინოს ცხადი ერთგულება ევროკავშირის ღირებულებებისადმი, გააგრძელოს წინსვლა რეფორმების თვალსაზრისით და ინკლუზიურად, არსებითად და შეუქცევადად შეასრულოს ევროკომისიის დათქმები.

 

საბჭო აღნიშნავს, რომ ის მხედველობაში იღებს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მოსახლეობის  უდიდესი უმრავლესობის ჭეშმარიტ მისწრაფებას და მიუთითებს, რომ მიესალმება, საერთო ჯამში, კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ მოწყობას და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, მეთვალყურე (watchdog) ორგანიზაციების ჩათვლით, და შეგვახსენებს, რომ ეს ელემენტები აძლევს საქართველოს საფუძველს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების გასავითარებლად. საბჭო აღიარებს საერთო პროგრესს საჯარო ადმინისტრირების რეფორმის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით და მიესალმება წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების მიღების კუთხით მომზადების დონეს. 

 

მიუხედავად იმისა, რომ დასკვნის ფორმატიდან გამომდინარე, ის არ შეიცავს დეტალიზებულ რეკომენდაციებს, საგულისხმოა, რომ საბჭო არაერთ საკვანძო საკითხთან მიმართებით ამ საკითხების მნიშვნელობასა და თანმდევი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე მიუთითებს:

 

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრის უზრუნველყოფა: საბჭო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი რჩება ერთგული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და არ აღიარების პოლიტიკის მიმართ, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის გზით.

 

საბჭო ხაზს უსვამს თავის მტკიცე მოლოდინს, რომ საქართველო მნიშვნელოვნად გაზრდის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებელს, მათ შორის, შემზღუდველი ღონისძიებების (სანქციების) თვალსაზრისით, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის სრული დაცვით. საბჭო აგრეთვე მოუწოდებს საქართველოს, პრიორიტეტულად, შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია და გასწიოს პროგრესი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრული თანხვედრის მიმართულებით. 

 

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის ანგარიშთან შედარებით, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კონტექსტში საბჭოს შეფასებები ბევრად ცხადი და მკაფიოა. ევროკავშირი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, კრიტიკულად აუცილებლად მიიჩნევს მისი საგარეო პრიორიტეტების გააზრებასა და ამ კუთხით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების საერთაშორისო პოზიციონირებას. საქართველოსთან მიმართებით, საბჭო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ „შემოაბრუნოს“  აქამდე არსებული ნეგატიური ტენდენცია, რასაც საბჭო უპირატესად შესასრულებელ ამოცანას უწოდებს. აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მათ შორის, მნიშვნელოვანწილად იქნება პირობადებული საქართველოს პოზიციონირებით რუსეთთან მიმართებით. საბჭო ხაზს უსვამს, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევა იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინდიკატორი. საბჭოს აზრით,  ეს იქნებოდა ცხადი ნიშანი, რომ ქვეყანამ გააკეთა სტრატეგიული არჩევანი ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით (“This would be a clear sign of the strategic choice of the country for EU membership”, პარ. 127). ამ თვალსაზრისით, საინტერესო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა საქართველოს შეფასების შედარება მოლოდოვასთან. განსხვავებით საქართველოსგან, საბჭო მიიჩნევს, რომ რეფორმის პროცესში სახეზეა მოლდოვის მხრიდან ცხადი მისწრაფება და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა. საბჭო გამოჰყოფს და მიესალმება მოლდოვის მტკიცე და პრინციპულ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაგმობის თაობაზე.  ის ასევე მიესალმება მნიშვნელოვან ზრდას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან  და შემზღუდველ ღონისძიებებთან (სანქციებთან) შესაბამისობის  თვალსაზრისით.  

 

ვფიქრობთ, საბჭოს მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეფასება და მისი შედარებით პერსპექტივაში განხილვა მიუთითებს, რომ საბჭო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, როგორც მინიმუმ, ნათლად ვერ ხედავს მიღებული აქვს თუ არა ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიული პოლიტიკურ გადაწყვეტილება. ჩვენი აზრით, ქართველი ხალხის ცხადად გამოხატული სურვილის მიუხედავად, მთავრობის საგარეო პოლიტიკამ ევროკავშირს გაუჩინა კითხვის ნიშანი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ფორმალურად გაცხადებული ნების ნამდვილობის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ადასტურებს კითხვების ლეგიტიმურობას, რომლებიც ბოლო ორ წელია ხშირად ისმება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკის თანხვედრაზე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირთან, რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული შემზღუდველი ღონისძიებების (სანქციების) თავიდან არიდების პრევენციის მიმართულებით.  

 

პოლარიზაციის შემცირება: საბჭო მოუწოდებს პოლიტიკურ აქტორებს, გამოავლინონ კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, გადალახონ პოლარიზება და თავი შეიკავონ იმ მოქმედებებისგან, რამაც შეიძლება გააღრმავოს პოლიტიკური დაძაბულობა და დაბრკოლება შეუქმნას  ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და რეფორმის დღის წესრიგს.

 

სამოქალაქო საზოგადოებისთვის თავისუფალი საქმიანობის უზრუნველყოფა: საბჭო ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება  უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი საქმიანობა და პოლიტიკის ფორმირების პროცესში აქტიური, ინკლუზიური და არსებითი ჩართულობა. საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული, ფუნდამენტურ სფეროებში, განსაკუთრებით კანონს უზენაესობასთან და ძირითად უფლებებთან მიმართებით,  უფრო მდგრადი და ეფექტიანი რეფორმის პროგრესს უზრუნველყოფს.

 

სახელმწიფო ორგანოების დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება:   დასკვნაში აღნიშნულია, რომ  დემოკრატიული ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირება და მართლმსაჯულებასთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმების განხორციელება კვლავაც უნდა დარჩეს სახელმწიფოს პრიორიტეტად.  საბჭო ხაზგასმის მიუთითებს, რომ  ყველა სახელმწიფო ორგანოს, განსაკუთრებით კი, სასამართლოს, პროკურატურისა და  მონეტარული პოლიტიკის ინსტიტუტების (“monetary institutions” პარ. 123) სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა უნდა იქნას გაძლიერებული და უზრუნველყოფილი, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. აქვე, დასკვნა მიუთითებს, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიებისა და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით სისტემური მიდგომით ქმედებების განხორციელების მნიშვნელობაზე.

 

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა: საბჭო ყურადღებას ამახვილებს  დეზინფორმაციიის, ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ წარმოებული უცხოური  მანიპულაციური საინფორმაციო კამპანიების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე და მოუწოდებს საქართველოს გადადგას  არსებითი საპასუხო ნაბიჯები.

 

საარჩევნო რეფორმა: საარჩევნო რეფორმასთან მიმართებით საბჭო ხაზს უსვამს, რომ ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიის გაძლიერებისთვის. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს და სრულად შეასრულოს ეუთო/ოდირის და ევროპული საბჭოს/ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

 

ადამიანის უფლებების დაცვა: საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის, მედიის თავისუფლება და პლურალიზმი, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, LGBTI ადამიანების დაცვა ძალადობისა და დისკრიმინაციისგან.

 

არსებული ინფორმაციით, 15 დეკემბერს, ევროპული საბჭო იმსჯელებს საქართველოსთვის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების საკითხზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 13 დეკემბერს ევროპულმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა ევროპულ საბჭოს, საქართველოს მიერ გარკვეული ნაბიჯების გადადგმის გათვალისწინებით, მიანიჭოს საქართველოს  კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი. 

 

გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ 12 პრიორიტეტის სათანადოდ შეუსრულებლობის (მხოლოდ სამი მათგანი მიიჩნია ევროკომისიამ შესრულებულად) და მეტიც 12 პრიორიტეტის მიღმა ახალი გამოწვევების შექმნის მიუხედავად, ევროპული საბჭო გაითვალისწინებს ქართველი ხალხის ურყევ ნებას, ასევე ჩვენი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მიღწეულ პროგრესს და საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023